სწორი გზა
სწორი გზა
გადაცემიდან “იმედის გმირები“
ავტორი: ნინია ახვლედიანი (2015)
ნიკოსთან ურთიერთობა არაა ძნელი და არც საშიში, პირიქით, მას ესმის ყველაფერი. თავისი ცხოვრება აქვს, თავისი გარემო და შენ მისთვის ხარ გარეშე სამყარო, რომელიც იჭრება მის ცხოვრებაში. აუტიზმს ადრე ბავშვთა შიზოფრენიას ეძახდნენ, პირველად ტერმინი „აუტიზმი“ ფსიქოლოგმა ლეო ქენერმა 1943 წელს გამოიყენა.
ბავშვთან ურთიერთობისას ყველაზე მეტად მიჭირს, როდესაც ვესაუბრები და მისგან არ ვიღებ ადეკვატურ რეაქციას; მინდა ვასწავლო და გარბის… ყველაზე რთული ეს არის – ამ დროს აიძულო თავს, რომ დამშვიდდე და ისევ და ისევ დაიწყო ყველაფერი ხელახლა, სანამ შედეგს არ მიაღწევ!..
ნიკო დაახლოებით 2 წლის და 6 თვის იყო, ფსიქოლოგთან რომ წავიყვანეთ. ვამჩნევდი, რომ ასაკს ჩამორჩებოდა განვითარებით. პირველად ქალბატონმა თამრიკო გაგოშიძემ გამოთქვა ეჭვი აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ. ეს ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო!.. ბოლომდე არც დავიჯერეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა… შემდეგ დავიწყეთ ძიება როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდით ბავშვს.
ჩემი მეუღლე – მერაბ გოგბერაშვილი ფიზიკოსია. მან Fულბრიგჰტ-ის გრანტი მოიპოვა და ერთი წლით უწევდა მივლინებით წასვლა ცენტრალური კალიფორნიის ქალაქ ფრესნოში. მას ჰქონდა უფლება, რომ ჩვენც თან წავეყვანეთ. მაშინ ნიკო 2 წლის და 7 თვის იყო. როდესაც ჩავედით, მრავალმხრივი გამოკვლევები დაგვჭირდა. რამდენიმე დაწესებულებამ საბოლოოდ დაადასტურა დიაგნოზი – აუტისტური სპექტრის აშლილობა. გადავწყვიტეთ, რომ გადავსულიყავით აუტიზმის ცენტრში, სადაც ABA თერაპია ტარდებოდა. შედეგი ერთ თვეში დავინახეთ. მეც დავდიოდი ჩემს შვილთან ერთად მის გაკვეთილებზე და მეცადინეობებზე. თერაპია ყოველდღიურად 8 საათის განმავლობაში უტარდებოდა.
ABA თერაპია მიმართული ქცევის ანალიზია. არასასურველ და სასურველ ქცევაზე დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე დგება ინდივიდუალური პროგრამა, და იწყება მუშაობა ბავშვთან – სასურველი ქცევის გასაძლიერებლად და არასასურველი ქცევის ჩასაქრობად. ეს თერაპია ასევე გულისხმობს ბავშვისათვის ყველაფრის სწავლებას. მაგალითად აუტიზმის მქონე ბავშვმა შეიძლება დაისწავლოს, რომ ეს ფანქარი წითელია. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად შეიძლება სხვა ტიპის ფანქარიც იყოს წითელი, მაგრამ მან შესაძლოა ეს სახელი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფანქარს მოარგოს და დაარქვას, სხვა ფანქარი კი ვერ დაასახელოს. ანუ მათ არ აქვთ განზოგადების უნარი. ამის გამო სჭირდებათ აუტიზმის მქონე ბავშვებს ინტენსიური მუშაობა. ეს მეცადინეობა რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყება, მით უფრო ეფექტურია. 18-30 თვის ასაკში ABA მეთოდით ინტენსიური ჩარევის შემთხვევაში, 2-3 წლის შემდეგ ბავშვების დაახლოებით 50% თითქმის უტოლდება განვითარების დონით თავისი ასაკის ბავშვებს. რაც უფრო გვიანდება თერაპია, მით ნაკლებია შედეგიც. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. არსებობს აუტიზმის როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმები. მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ ტიპის „მკურნალობა“ აუცილებლად იძლევა შედეგს და გაუმჯობესებას.
ფრესნოში ყოფნისას ვფიქრობდით, რომ საქართველოში ძალიან ცოტა იყო აუტიზმის მქონე ინდივიდთა რაოდენობა. როდესაც ჩამოვედით სამშობლოში, აღმოჩნდა, რომ უამრავ ოჯახში იყო ასეთი ბავშვი. პრობლემა იყო, რომ ჩვენთან აუტიზმის თერაპია საერთოდ არ არსებობდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ უნდა ჩამომეყალიბებინა ცენტრი, სადაც ასეთი ბავშვების მშობლები თავად იმუშავებდნენ საკუთარ შვილებთან.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა ABA თერაპია ძალიან შრომატევადი და ძნელი საქმიანობააა, რის გამოც ამ თერაპიის ღირებულება მთელს მსოფლიოში მაღალია და საშუალო ოჯახისათვისაც კი რთულია ბავშვის მინიმალურად აუცილებელი საათების საფასურის გადახდა. ვხვდებოდი, რომ თერაპევტობა უანგაროდ მხოლოდ მშობელს შეეძლო. 3-4-ჯერ შევხვდი მშობლებს საქართველოში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ემოციურად ეს მათთვის ძალიან რთული იქნებოდა და დავიწყეთ მუშაობა სტუდენტებთან. ჩვენი ცენტრი დღემდე ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფალია და არსებობს ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე. ილიაუნიში მეცნიერების ხელოვნების ფაკულტეტზე არის გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულება, სადაც ჩვენ თავდაპირველად გავაკეთეთ „აუტიზმის მოდული“. სტუდენტების ნაწილმა დაიწყო ქცევითი თერაპიის თეორიულად და პრაქტიკულად სწავლა ჩვენს ცენტრში. არც კი ველოდით, ისეთი ეფექტიანი აღმოჩნდა ეს მიდგომა. სტუდენტები დიდი სიყვარულით, გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ბავშვებს. განრიგი და მუშაობის სტილიც შევეცადეთ გადმოგვეტანა ისეთი, როგორიც ამერიკაში იყო.
ცენტრალური კალიფორნიის ფრესნოს უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ ამანდა ადამსთან და ამავე ცენტრის პროფესორ მარიენ ჯექსონთან მიმოწერა დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა. საბოლოოდ ისინი დაგვთანხმდნენ და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოდიოდნენ და ყოველ წელს აწყობდნენ საზაფხულო სკოლას. ქართველ სტუდენტებს სჭირდებოდათ გარკვეული საბაზისო ცოდნა ABA მეთოდის შესახებ და მათმა ტრენინგებმა საგრძნობლად გაზარდა ჩვენი მუშაობის ეფექტიანობა. ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტში მალე გვეყოლება ისეთი სპეციალისტები, რომლებიც შემდგომში გაზრდიან საერთაშორისო სტანდარტების ABA თერაპევტებს.
სიმართლე გითხრათ, მე ამ დრომდე ვერ ვეგუები ჩემი შვილის დიაგნოზს. ალბათ ასეა ყველა მშობელი და ვცოცხლობთ იმის იმედით, რომ რაღაც ძალიან გამოსწორდება! იმედი გვაქვს, იმდენს მაინც შევძლებთ, რომ ჩვენი შვილები ფეხზე დავაყენოთ – ავურჩიოთ სწორი გზა ცხოვრებაში და დავეხმაროთ ამ გზაზე სიარულში.
სოფიო კერესელიძე