“ეგო” – 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღე
“ეგო” – 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღე
უკვე მეორე წელია, საქართველო აუტიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2 აპრილს არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი მუსიკოსები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ.
აუტიზმის საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება ქვეყნის სიმბოლოების ღია ლურჯ ფერად განათებით, აქციას ჰქვია „გაანათე ლურჯად“. ამ დღეს ეგვიპტეში პირამიდები, საფრანგეთში ეიფელის კოშკი, ბრაზილიაში იესოს ქანდაკება და ამერიკაში Empire State Building-ი ღია ლურჯად ნათდება. 2 აპრილს საქართველო უერთდება ამ აქციას. კონცერტის მიმდინარეობისას ფილარმონიის ფასადი განათდება.
რუბრიკის სტუმრები არიან საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი, მშობელი თამარ მელაშვილი და ბავშვთა მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი თინათინ ჭინჭარაული.
ქალბატონო თამარ, ვისი ინიციატივით ტარდება საქველმოქმედო კონცერტი?
მშობლების ინიციატივით აუტიზმის საერთაშორისო დღე მეორედ აღინიშნება საქართველოში. პირველად ეს იდეა გაუჩნდათ წარმატებულ ქართველ პიანისტს, დავით ალადაშვილს და ჩვენი კლინიკის ერთ-ერთ მშობელს, ანი დანელიას. შარშან საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. შემოსული თანხა სრულად მოხმარდა ბავშვთა მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რამაც მოგვცა მნიშვნელოვანი შედეგი – შევძელით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გაგვეფართოებინა კლინიკა. დღეს უფრო მეტი ბავშვი სარგებლობს კლინიკის მომსახურებით. აღნიშნულმა ღონისძიებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, რამაც მოგვცა სტიმული, წლევანდელი კონცერტი უფრო მასშტაბური ყოფილიყო. ძალიან დაგვეხმარნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
აუტიზმის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო კონცერტის გარდა ბევრი სხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ცნობილი მხატვრების დახმარებით ჩვენმა შვილებმა სხვადასხვა თემატიკაზე ნახატები შექმნეს, რომლებიც ფილარმონიის ფოიეში გამოიფინება. ასევე ფოტოგრაფმა საშა პრიშვინმა სპეციალური პროექტი მიუძღვნა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს და ფოტოობიექტივის დახმარებით შეეცადა, წარმოეჩინა მათი განსხვავებული და ყოველდღიური ცხოვრება.
ქალბატონო თამარ, რა გზავნილს აწვდით საზოგადოებას ამ ღონისძიებით?
გვინდა, რომ 2 აპრილის აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცეს, რათა საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული აუტიზმის შესახებ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჯერ კიდევ რჩება საზოგადოებასთან ჩვენი შვილების ურთიერთობა და მათი დამოკიდებულება. თუ საზოგადოება ადვილად მიიღებს განსხვავებულ ადამიანებს თავის გვერდით და ჩათვლის მათ სრულფასოვან წევრებად, დარწმუნებული ვარ, პრობლემა გაცილებით უფრო მალე გაიხურავს კარს და გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, კონცერტიდან შემოსული თანხით კიდევ უფრო განვავითაროთ მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკა, რის შედეგადაც მკვეთრად გაუმჯობესდება ბენეფიციართა საერთო სოციალურ-კოგნიტური უნარები. გარდა ამისა, კლინიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების შედეგად, შევძლებთ უფრო მეტ ბავშვს დავეხმაროთ პრობლემის დაძლევაში.
ქალბატონო თინათინ, რა არის აუტიზმი?
როდესაც ბავშვი არ რეაგირებს მშობლის დაძახილზე, საკუთარ სახელზე, არ აჩვენებს, რა უნდა, იშვიათად უყურებს თვალებში, არ უზიარებს თავის სიხარულს თუ გაბრაზებას, აქვს ინტერესთა ძალიან შეზღუდული სფერო; როდესაც დროულად არ იწყებს ლაპარაკს ან თუ ლაპარაკობს, არ იყენებს მეტყველებას სხვებთან სოციალური ურთიერთობისთვის, ჩნდება ეჭვი აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე. აუტიზმი ნეიროგანვითარების დარღვევაა, რაც თავის ტვინში გარკვეული ცვლილებების არსებობას ნიშნავს. მეცნიერებმა არ იციან, კონკრეტულად რა იწვევს ამ ცვლილებებს, შესაბამისად უცნობია აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამომწვევი მიზეზი. აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა მათ აერთიანებთ კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები და სტერეოტიპული, განმეორებადი ქცევები.
ჩვეულებრივ, აუტიზმის მქონე ბავშვები ფიზიკურად არ განსხვავდებიან უმრავლესობისგან; განსხვავება ვლინდება ქცევის, ურთიერთობის, ლაპარაკისა და სწავლის თავისებურებებში. მეტყველების, სწავლისა და აზროვნების უნარები აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებში შეიძლება ცვალებადობდეს თვალსაჩინო ნიჭიერებიდან გამოხატულ სიძნელეებამდე. ზოგიერთს შეიძლება სჭირდებოდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარება, ზოგს – არა.
საიდან გაჩნდა ცენტრის შექმნის იდეა?
აუტიზმის ცენტრი დაარსდა 2010 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს აუტიზმის ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. ცენტრის შექმნის იდეა ეკუთვნის სოფიო კერესელიძეს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის დედას. მან შეძლო მშობლებისა და პროფესიონალების გაერთიანება და საქართველოში პირველმა ჩაუყარა საფუძველი აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომით სწავლებას (ABA თერაპია). აუტიზმის სპექტრის აშლილობების შემთხვევაში არ არსებობს დადასტურებული მედიკამენტოზური მკურნალობა. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრეული შეფასება და ბავშვსა და ოჯახთან მუშაობის დაწყება. ყველაზე ეფექტურ მეთოდად კი დღეს მსოფლიოში ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია (ABA თერაპია) მიიჩნევა. 3 წლის ასაკამდე დაწყებული ინტენსიური თერაპიული მუშაობის შედეგად აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა უმრავლესობას აღენიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა განვითარებაში.
რა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი აუტიზმის ცენტრი?
დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი ემსახურება 2-დან 14 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 52 ბავშვს. სწავლების ძირითად მიდგომას ABA თერაპია წარმოადგენს. 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები კვირაში მინიმუმ 9-საათიან მომსახურებას ღებულობენ, ხოლო სასკოლო ასაკის ბავშვები – კვირაში 5-საათიან მომსახურებას.
რამდენად კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული ცენტრი?
აუტიზმის ცენტრში მუშაობს 32 გამოცდილი ქცევითი თერაპევტი. მათ მომზადება და სუპერვიზია გაიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, ამანდა ნიკოლსონ ადამსისას და მერიან ჯექსონის ხელმძღვანელობით. ცენტრს კურირებს ფლორიდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებული ქცევის ანალიტიკოსების სასერტიფიკატო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA).
რა არის აუტიზმის სიმბოლო?
აუტიზმის სიმბოლოდ 1963 წლიდან ფერადი სურათ-თავსატეხის ნაჭრები ითვლება, როგორც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ურთიერთგანსხვავებულობისა და მრავალფეროვნების თვალსაჩინო ნიშანი.
რამდენად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რიცხვი?
ყოველწლიურად აუტიზმით ან აუტიზმის სპექტრის აშლილობით დიაგნოსტირებული ბავშვებისა და მოზარდების რიცხვი მატულობს. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, 2014 წელს ყოველ 68 ბავშვში 1-ს აღენიშნებოდა აუტიზმის სპექტრის აშლილობა, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 30 %-ით გაზრდილია. მაგრამ გაიზარდა საზოგადოებისა და სპეციალისტების ცოდნაც მოცემული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ, გაუმჯობესდა ადრეული იდენტიფიკაციის ინსტრუმენტებიც; უკვე 18 თვის ასაკშია შესაძლებელი აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოსტირება, რაც ჩარევის დროული დაწყების შესაძლებლობას იძლევა.
სოფიო დვალიშვილი