ილიაუნი
აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდს მჭიდრო კავშირი აქვს თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც საქართველოში არ არსებობდა ბავშვთა აუტიზმის სერვისების მიმწოდებელი არცერთი ორგანიზაცია, საქართველოს აუტიზმის ასოციაციასა (დამფუძნებელი სოფიო კერესელიძე) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი.
ამ მემორანდუმის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში დაარსდა საქართველოში პირველი, ქცევით თერაპიაზე დაფუძნებული აუტიზმის ცენტრი, სადაც შესაძლებელი გახდა ბავშვების ყოველდღიური ტრენინგი ABA (Applied Behavior Analysis – იგივე გამოყენებითი ქცევის ანალიზი) მეთოდით. ცენტრი თავიდან უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ 2 ყოფილ აუდიტორიაში განთავსდა. სასწავლო პროგრამის შედგენასა და დაგეგმვაში ცენტრს დიდი დახმარება გაუწიეს ცენტრალური კალიფორნიის, ქ. ფრესნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა Amanda Nicolson Adams-მა და ამავე უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრის პროფესორმა Marianne Jackson-მა. ცენტრი მალევე იქცა უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკულ ბაზად და მის სივრცეში, დაარსებიდან დღემდე 300-ზე მეტი ფსიქოლოგიური მიმართულების სტუდენტმა, ბაკალავრმა მაგისტრანტმა და დოქტორანტმა გაიარა ქცევითი ანალიზის თეორიული და პრაქტიკული კურსი. 40 მათგანი დღეს ამავე ცენტრის თანამშრომელია. ბევრი წარმატებით მოღვაწეობს სხვა სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებშიც.
თავდაპირველად ცენტრში მხოლოდ 10 ბავშვი გადიოდა თერაპიას, რომლის დაფინანსებაც ენთუზიასტი სპეციალისტების დახმარებით და მშობელთა მწირი გადასახადებით ხდებოდა. ასევე, მშობლები ითავსებდნენ ცენტრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ საქმიანობას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის განვითარების ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა მშობლებს ეკუთვნოდა, რასაც წინ უძღოდა მშობლების მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტიც. ეს იდეა მხარდაჭერილი და მოწონებული იქნა უნივერსიტეტის მიერ. გამართული კონცერტებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდა კლინიკის ინფრასტრუქტურის გამართვას და მის აღჭურვას.
ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო და ნაყოფიერია და მომავალში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რომელიც მიმართული იქნება, როგორც აუტიზმის შესახებ მეცნიერული კვლევების, კვალიფიციური კადრების მომზადებისკენ ასევე, უპირველეს ყოვლისა, აუტიზმის მქონე ინდივიდებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებისკენ და მათი დამოუკიდებელი არსებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისკენ.